For prospective students

Undergraduate Programme in Theology

რატომ თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?

 თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს გადასცეს თანამედროვე ცოდნა ძირძველი ქრისტიანული კულტურის საფუძვლების შესახებ და შესძინოს იმ ტიპის ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შემოქმედებითად, კრეატიულად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რის საფუძველზეც ისინი თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებიან.

 თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ქრისტიანული (მართლმადიდებელი) თეოლოგიის ძირითად ცნებებსა და მოძღვრებებს, მის უმნიშვნელოვანეს დარგებსა და მიმართულებებს, ასევე, ქრისტიანული კულტურის საფუძვლებს, დიდი ქართველი და უცხოელი ქრისტიანი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების ცხოვრებასა და შემოქმედებას.

 პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 პროგრამაზე სწავლა შეუძლია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირს, რომელიც ჩააბარებს საერთო ეროვნულ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ასევე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას საქართველოს ისტორიაში (ჩასაბარებელი საკითხების ნუსხა წინასწარ მიეწოდებათ კონკურსში მონაწილეობის მსურველთ)

 სწავლის ხანგრძლივობა:

 თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს (8 სემესტრს). ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS კრედიტი.

 დასაქმების პერსპექტივები:

 თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშავონ სხვადასხვა განხრით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში. დასაქმების პრიორიტეტული მიმართულებებია: 

  • თეოლოგიის პედაგოგი

(საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სემინარიებსა და სკოლებში).

  • თეოლოგიისა და რელიგიის ექსპერტი რელიგიური ტოლერანტობის შემსწავლელ ორგანიზაციებში და ა.შ.
  • პრაქტიკოსი/მუშაკი რელიგიურ სააგენტოებსა და კვლევით ცენტრებში.

  სწავლის გაგრძელების პერსპექტივა:

 თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა განაგრძონ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.

 პროგრამის უპირატესობები: 

  • ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და მისი სასწავლო გეგმა იმგვარადაა სტრუქტურირებული, რომ ამ პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან არა მარტო თეოლოგიურ დისციპლინებს, არამედ სრულყოფილი საერო და სასულიერო განათლებისთვის საჭირო ისეთ უმნიშვნელოვანეს დისციპლინებს, როგორიცაა: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ევროპული უნივერსიტეტების ისტორია და სხვ. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ამ უმნიშვნელოვანეს დარგებს სტუდენტებს შეასწავლიან ცნობილი ქართველი მეცნიერები და მკვლევარები.
  • სტუდენტებს სწავლის პროცესში შესაძლებლობა ეძლევათ რეგულარულად მოისმინონ ცნობილი უცხოელი მკვლევარებისა და პროფესორების საჯარო ლექციები თეოლოგიის, ქრისტიანული ფილოსოფიისა და, საერთოდ, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით.
  • ამ საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ სტუდენტები მთელი 4 წლის (8 სემესტრის) განმავლობაში ინტენსიურად შეისწავლიან ინგლისურ ენას და დაეუფლებიან ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს ინგლისურ ენაზე. ამ პროგრამაზე მიღებული ინგლისური ენის კარგი ცოდნა კი სტუდენტებს შეუქმნის ხელსაყრელ სასტარტო პირობებს დასაქმებისთვის და წარმატებული პროფესიული კარიერის შექმნისთვის. 

სწავლის გადასახადი: 

პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 2000 ლარს. 

იმ 5(ხუთი) წარჩინებული სტუდენტისთვის, რომელთაც საუკეთესო მაჩვენებლები ექნებათ მისაღებ  გამოცდებში, სწავლის მთელ საფასურს დააფინანსებს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.