ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი ერთეულები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებია: 

  •  მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  •  კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი მიზანია მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსებით სტუდენტთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის (ატესტატის) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს. მაგისტრატურაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, ხოლო დოქტორანტურაში სწავლის უფლება ეძლევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე, საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ერთად, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს შესაბამის დარგებში დოქტორის აკადემიური ხარისხისა და მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონე პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები, ასევე მოწვეული პედაგოგების რანგში ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირებასა და განვითარებას, ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის დაცვასა და მის გადაცემას შემდეგი თაობებისთვის. არქივის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით წარმატებული კვლევების ჩატარება, უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა და ამ სფეროებში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება. არქივში მუშაობენ ქრისტიანული ფილოსოფიის დარგში მოღვაწე საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი მეცნიერები და მკვლევრები. არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს ქრისტიანული ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის ცნობილ უცხოელ სპეციალისტებთან.